• აშენების პერიოდი: 1930-1955 წწ.
  • სართულების რაოდენობა: 2 / 6 ( გამონაკლისი 10 სართული)
  • სამშენებლო მასალა:  ძირითადად აგური
  • ჭერის სიმაღლე: 3,2-4,3 მ.
  • ლიფტი: არა
  • ფასადი: მდიდრული


XX საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა კავშირის ოფიციალური არქიტექტურული სტილი მინიმალურად კონსტრუქციული იყო, ის ნელ-ნელა პოსტ-კონსტრუქტივიზმად გადაკეთდა.

30-იანი წლებიდან სტალინური პროექტების გამოჩენამ ქალაქის იერსახე სრულიად გარდაქმნა. ასე დამკვიდრდა არქიტექტურაში  ახალი სტილი, რომელსაც "სტალინის იმპერია"-ს ეძახდნენ.  ეს იყო საბჭოთა მონუმენტური კლასიციზმი, რომელსაც აქტიტექტორები საბჭოთა ხელოვნების დეკორად მოიხსენიებდნენ.

 იმ პერიიოდში დიდ ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ და საბინაო კრიზისმა გააჩინა მასიური საბინაო მშენებლობების დაწყების და ახალი ტერიტორიების ათვისების საჭიროება. ასევე  დღის წესრიგში დადგა ძველი ქალაქების რეკონსტრუქციის საკითხიც.

პირველი სამი დიდი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო სტალინური არქიტექტურით, იყო მოსკოვის რეკონსტრუქცია. სტალინი უშუალოდ მონაწილეობდა ყველა დიდი პროექტის დამტკიცებაში. ის არასდროს ირჩევდა ერთ არქიტექტორს, ან ერთ სტილს და ქმნიდა არქიტექტურის სხვადასხვანაირი მეთოდების ნაკრებს, რითაც მრავალფეროვანს ხდიდა მთლიანად პროექტს.

1930 წლიდან სტალინური პროექტები შენდებოდა არამხოლოდ საცხოვრებელი მიზნით, არამედ ეს იყო ქვეყნის სიძლიერის გამოხატულებაც.

სტალინური სახლები - ღია ნარინჯისფერი აგურით ან მოწითალო მინერალებიანი პანელით შენდებოდა. გამოიყენებოდა მოპირკეთებული გრანიტის ნამსხვრევები. კორპუსებში იყო  მაღალჭერიანი და კარგად დაგეგმარებული ბინები.

„სტალინკები“, როგორც ადრე ამ სტილის ბინებს მოიხსენიებდნენ,  შენდებოდა ქალაქის ცენტრალურ გამზირებსა და მაგისტრალურ ქუჩებზე, მოედნებსა და სანაპიროებზე. როგორც წესი, აღნიშნული საცხოვრებელი სახლები აგებული იყო  ინდივიდუალური არქიტექტურული პროექტით. მათი უმრავლესობა დღესაც პოსტ-საბჭოური ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

სხვადასხვა პერიოდში აშენებული „სტალინკები“ შესამჩნევად განსხვადებოდნენ ერთმანეთისგან. როგორც წესი 4-6 სართულიანი კორპუსების მშენებლობის დროს ძირითადად წითელ აგურს იყენებდნენ. სართულებს შორის გადახურვებ, ოთახების ტიხრებიც ხისგან კეთდებოდა. ასევე გამოიყენებოდა პანელები და ბათქაშიც.

კედლის სისქე  60-70 სმ იყო, რაც ოთახებში სითბოს შენარჩუნებას უწყობდა ხელს.  თავდაპირველად ნაგავსაყრელები ბინებში იყო დამონტაჟებული, დროთა განმავლობაში მოხდა მათი გაუქმება და გარეთ გადმოტანა. „სტალინკების“ პროექტებში მეტწილად სამი, ოთხი და ხუთ ოთახიანი ბინები ჭარბობდა. ერთოთახიანი ბინები, რომლის ფართი 32 კვ.მ -დან იწყებოდა, იშვიათი იყო. ერთოთახიანი ბინები სადარბაზოს შესასვლელთან იყო დაპროექტებული და მათი ფანჯრები უკანა ეზოში გადიოდა. კვადრატულობა კი ბინების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

  • 1-ოთახიანი — 32—50 მ²
  • 2-ოთახიანი — 44—70 მ²
  • 3-ოთახიანი — 57—95 მ²
  • 4-ოთახიანი — 80—160 მ²
  • 5-ოთახიანი — 140-210 მ²

ყველაზე ნათელი და დიდი სამ, ოთხ და ხუთოთახიანი ბინები  იყო. ამ ბინების ხედი გადიოდა ცენტრალურ ქუჩაზე /გამზირზე, რათა მაღალი ჩინის მქონე პირებს  შესაძლებლობა ქონოდათ თავისუფლად ედევნებინათ თვალი  მთავარი პროსპექტისთვის სახლიდან გაუსვლელად, სადაც სხვადასხვა სახის დემონსტრაციები ტარდებოდა.

სტალინური პროექტის ბინები საკუთრებაში გადაეცემოდათ  საბჭოთა ელიტის წარმომადგენლებს: პარტიულ და საბჭოთა მუშაკებს, აკადემიკოსებს, მაღალჩინოსან სამხედრო პირებს, მწერლებს, მსახიობებს. ომის შემდგომ პერიოდში, როცა  „სტალინკების“ მშენებლობა მასიურად დაიწყო, ამ რიგს შეუერთდნენ უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელები, მეცნიერები, ექიმები. იმ დროს სტალინურ სახლებში ცხოვრება პრივილეგირებულად და პრესტიჟულად ითვლებოდა.

სტალინკების უპირატესობად ითვლებოდა მაღალი ჭერი მაქსიმუმ  4,3 მ,  ფართო რაფები, ნათელი  და იზოლირებული ოთახები, დიდი ჰოლი,  ერთ კორპუსში განლაგებული ბინების მცირე რაოდენობა. ზოგიერთ სადარბაზოში ერთ სართულზე მხოლოდ ერთი ბინა გვხვდება.

 დღეს „სტალინკების“ მთავარი ნაკლი უკვე  სიძველეა, თუმცა ამ სახლებმა შეინარჩუნა თავისი ”ღირსება“ - რაც ხარისხთან ერთად, არქიტექტურის დახვეწილ ნიმუშს წარმოადგენს.

საქართველოშიც, როგორც  დანარჩენი პოსტ საბჭოურ სივრცის ქვეყნებში, სტალინური პროექტი ძირითადად სხვებისგან მისი სიმდიდრით გამოირჩეოდა, რაც  მარტივად ამოსაცნობი იყო ნებისმიერი ადამიანისთვის.  პროექტის სადარბაზოები სივრცითია და მარმარილოთი ან სხვა მდიდრული ბუნებრივი ქვებით არის მოპირკეთებული. შენობები ძირითადად დაბალ სართულიანია. და უმრავლესობა სველი ბათქაშის მდიდრული ზედაპირითა და  მარტივი აგურის  წყობით  არის  ნაგები. სტალინური პროექტების საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა თბილისში ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.  

„სტალინკების“ ბინები დღესაც არ კარავს აქტუალობას, სტალინური არქიტექტურა საბჭოთა არქტიტექტურის დიდ მიღწევად ითვლება.  ეს სტილი ექსტრავაგანტულ თანამედროვე მიმართულებად  აღიარეს ჯერ კიდევ 1950 წელს, თუმცა აზრებისა და შეხედულებების გაყოფა საზოგადოებაში ხდება სტალინის პერიოდის შეფასების მიხედვით.

სტალური პროექტები  ხაზს  უსვამდა საზოგადოების სოციალურ კლასების დაყოფას,  შესაბამისი საცხოვრებელი ფართის განაწილების  მიზნით, რაც იმ პერიოდის საბჭოურ მენტალობას ეწინააღმდეგებოდა. 1951 წელს პროფესიულ სამშენებლო კონფერენციაზე ღიად გამოცხადდა  სტალინის პროექტების ფინანსურად წამგებიანობა და გადაწყდა ქარხნული წესით დამზადებული დიდი ზომის ბეტონის ფილებით კორპუსების აშენება. დაიგეგმა  ახალი ქარხნების აშენება, მშენებლობის პროცესის დაჩქარებისა და გაიაფების მიზნით. ასე გაჩნდა უკვე კარგად ნაცნობი  „ხრუშჩოვკების“  პროექტების სერია.