• აშენების პერიოდი: მე-20 საუკუნის 60-იან წლები
  • სართულების რ-ბა: 4 / 5
  • ჭერის სიმაღლე : 2,5 -2,65  მ
  • სამშენებლო მასალა:  ბეტონის პანელი /აგური
  • სამშენებლო მეთოდი:  ანაკრები
  • ბინების რ-ბა სართულზე:  3 ბინა
  • ლიფტი: არა

1947-1951  წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ურბანიზაციულმა ფაქტორებმა გააჩინა მოთხოვნა, მცირე დროში, ნაკლები დანახარჯებით აშენებულიყო კომპაქტური საცხოვრებელი კორპუსები.

1950 წელს მოსკოვში არქიტექტორთა ყრილობაზე, რომელსაც იმხანად მოსკოვის საქალაქო პარტკომის თავმჯდომარე ხრუშჩოვი ხელმძღვანელობდა, გადაწყდა, ბეტონის ფილების ჩამომსხმელი ქარხნების გახსნა, რომელიც მზა ბეტონის პანელებს უწყვეტად მიაწოდებდა მშენებლობის პროცესს.

მეორე სამამულო ომის შემდეგ,  ქალაქები იყო დაცლილი. ქარხნების მშენებლობას ის მიზანიც ჰქონდა, რომ მოსახლეობა ჩამოეყვანათ სოფლიდან ქალაქში და დაესაქმებინათ.

1956 წლიდან  გამოჩნდა პირველი პროექტები, რომელიც  ხრუშჩოვის სახელით გახდა ცნობილი. კორპუსები „ანაკრები“ მეთოდით იყო ნაშენები. მასალები  მზა სახით შემოდიოდა  საქართველოშიც და ადგილზევე ხდებოდა მათი აწყობა.

კორპუსებს ხრუშჩოვის პროექტი დაერქვა, რადგან ხრუშჩოვის პერიოდში მოხდა მათი აშენება, თუმცა ზოგადად მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა სტანდარტულ  შემჭიდროებას, ტრანსპორტის თავისუფლად მიმოსვლას, გამწვანებას, სპორტულ მოედნებს, საბავშვო ბაქნებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებს, სამედიცინო დაწესებულებას, რაც,  როგორც ადამიანების კომპფორტისთვის იყო გამიზნული, აგრეთვე ქალაქგეგმარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ.  კვარტლებში გაშენებული 4 და 5 სართულიანი პროექტები ევროპაში არსებული სახლების მოდელს წააგავდა.

იმ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან  ხარისხის რეგულაციების არ არსებობამ, პროცესი სწრაფი და ეკონომიური გახადა. მშენებლობის ციკლი  ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით  80-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.

ხრუშჩოვის კორპუსები ძირითადად 5 სართულიანია,  სადარბაზოში ყოველ სართულზე განაწილებული იყო  3 ბინა. პროექტი არ ითვალისწინებდა კორპუსში ლიფტს. ოთახების ზომები იყო მომცრო და ჭერის სიმაღლე მაქსიმუმ-  2.6 მეტრი.

ფასადის გაფორმება არ ითვალსიწინებდა ბათქაშსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. ადვილად ნგრევადი „ხრუშჩოვკების” სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად აშენდა და  მათი ექპსლუატაციის ვადა  50 წელზე იყო გათვლილი. გვიანდელი გამოკვლევით დადგინდა, რომ კორპუსების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი,  თუ კი  დროული გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდებოდა.

დროთა განმავლობაში მოსახლეობამ საკუთარი ძალებით, თვითნებურად დაიწყო სახლების ინფრასტრუქტურის ცვლილება- მიშენებები და ზემოდან დაშენებები, რამაც  კორპუსების საძირკველზე დატვირთულობა და შემდგომში მათი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები იმ პერიოდში არ იზღუდებოდა კანონით.

დღეს ხშირია შემთხვევები, როცა  კორპუსებს გარედან შემორტყმული აქვთ გასამაგრებლად ლითონის სარტყლები.  კორპუსების უმეტეს ნაწილს აღნიშნული სამუშაოები ჩაუტარდა დაგვიანებით, რამაც ვერ უზრუნველყო სასიცოცხლო ციკლის განხანგრძლივება და მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი.

მიუხედავად იმისა, რომ „ხრუშჩოვის“ პროექტის საცხოვრებელ ბინებს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ,  თბილისში ვაჟა-ფშაველას კვარტლებში გვხვდება ყველზე მყარი სახით.

თბილისში  სულ 508  ხრუშჩოვის პროექტის კორპუსია.  ეს კორპუსები გაფანტულია ქალაქის მასშტაბით, ხოლო მათი ძირითადი უმრავლესობა განაწილებულია ვაჟა-ფშაველას კვარტლებზე, დიღმისა და ვარკეთილის მასივებზე.

 ხრუშჩოვის პროექტის   ერთი სტანდარტული კორპუსის მოცულობითი ფართობი  დაახლოებით 801,85კვ.მ-ია, ამავე კორპუსის საცხოვრებელი ფართი - 2,500 კვ.მ-ია, ხოლო მთლიანად თბილისში არსებული ხრუშჩოვის პროექტის მთლიანი საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 1,066,800 კვ.მ-ს შეადგენს.

1940 -1990 წლის ჩათვლით  ხრუშჩოვის პროექტის ბინების საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში არსებული მთლიანი საცხოვრებელი ფართის 8%-ს შეადგენდა,  დღეს კი ეს მაჩვენებელი  4 %-მდე არის შემცირებული.

“Colliers International Georgia”-ს მუშაობის პერიოდში,  საქართველოს მასშტაბით შეფასებული აქვს 1,022 ცალი „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინა, საიდანაც 65% შეფასებული ბინების დედაქალაქზე მოდის. თბილისში შეფასებული ბინებიდან ყველაზე დიდი წილი - 40,4 % მოდის საბურთალოზე, ამას მოსდევს დიდუბე 16,2 %-ით,  მესამე ადგილზეა  ვარკეთილი 10,1 %-ით.

კვადრატული მეტრის ფასებიც „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინებში უბნების მიხედვით განსხვავებულ მონაცემს იძლევა. საბურთალოზე 1 კვ.მ-ის ფასი - 688 აშშ დოლარია, დიდუბის რ-ში - 1 კვ.მ-ის ფასი - 654 აშშ დოლარი, ხოლო ვარკეთილში კი - 1 კვ.მ-ის ფასი -474 აშშ დოლარი გახლავთ.  ვარკეთილის რ-ნს მოსდევს თემქის, სამგორისა და გლდანულას დასახლებაში არსებული „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინები, სადაც 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი   454 აშშ დოლარია.